- ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია – სს „არქეოპოლისი” იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანიაზეა მორგებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.
“ხობის მერიამ 6 სხვასადსხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს გამოაცხადა ტენდერი (გ/ნ:NAT240000878). ტენდერის ღირებულება 10,818,151 ლარია. ზუსტად ეს თანხა შესთავაზა სატენდერო დოკუმენტებში სამუშაოების ღირებულებად ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ – სს “არქეოპოლისმა”.
სატენდერო პირობებით, ხობის მერიამ პოტენციურ მიმწოდებლებს მაღალი ფინანსური მოთხოვნები წაუყენა – შესყიდვაში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონოდა ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება და 2021 წლის პირველი იანვრიდან, სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული ამ სამუშაოების ჯამური ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 32,454,453 ლარზე ნაკლები – ეს თანხა ზუსტად 3-ჯერ აღემატება ტენდერის საწყის ღირებულებას. სს “არქეოპოლისს” ამ ოდენობის კაპიტალბრუნვის დადასტურება არ გაუჭირდებოდა, ხოლო ხობსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების უმეტესობა ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
ხობის მერიამ მსგავსი პრაქტიკას შარშანაც მიმართა. 2023 წლის იანვარში გამოაცხადა ტენდერი (გ/ნ:NAT230001465 – https://shorturl.at/ghkOW) მსგავსი პირობებით: 5 სხვადასხვა დასახლებაში გზის დასაგებად 7,704,740 ლარის ღირებულების ერთი ტენდერი გამოაცხადა და პრეტენდენტებს პირობად დაუთქვა ბოლო 3 წლის განმავლობაში 34,671,330 ლარის სამუშაოების გამოცდილება. შარშანდელ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა სააქციო საზოგადოება “არქეოპოლისმა”.
მომსახურების რამდენიმე ტენდერად გამოცხადება გაზრდიდა კონკურენციას. გასულ წლებში ასეთი იყო ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო პრაქტიკაც, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხობის მერია ცდილობს, რომ რამდენიმე დასახლებაში გზების რეაბილიტაცია მომსახურების ერთი ტენდერით შეისყიდოს. შარშან ასეთ ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული სს “არქეოპოლიის” წელსაც, სავარაუდოდ, უკონკურენტოდ გაიმარჯვებს.
აქამდე სს “არქეოპოლისი” ტენდერებს მსგავსი პირობებით აქტიურად იგებდა სენაკის მუნიციპალიტეტში (https://shorturl.at/rtuBP), რაზეც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევები არაერთხელ გამოაქვეყნა.
მოვუწოდებთ ხობის მუნიციპალიტეტის მერიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული ტენდერი, ექვსივე დასახლებაში გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადოს ცალ-ცალკე, სატენდერო პირობები კი ჩამოაყალიბოს იმდაგვარად, რომ მომსახურების მიმწოდებელი კომპანია კონკურენციის პირობებში შეირჩეს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.