- „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 2022-2023 წელს შევსებული დეკლარაციების ნაწილი ხარვეზიანი აღმოჩნდა. ამის შეასხებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
„შემცირებულია იმ თანამდებობის პირთა რაოდენობა, რომლებიც ხარვეზებით ავსებენ დეკლარაციას; წლევანდელ დეკლარაციებში 23-მა თანამდებობის პირმა გამოასწორა 2022 წელს ჩვენს მიერ გამოვლენილი ხარვეზები; 250-ზე მეტი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო 26-მა, რაც 23-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით; 12 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, მათ შორის არიან: სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზეზვა მაკალათია; გამოვლინდა 4 შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია. მათ შორის არიან: სენაკის მერი, ვახტანგ გადელია და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზეზვა მაკალათია; 6 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მათ შორის არიან მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და აბაშის მერი, გიგა გაბელაია.
თანამდებობის ერთ პირთან დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებში. გასათვალისწინებელია, რომ კვლევა დაეყრდნო საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას – მასში გამოყენებულია თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციები და საჯარო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაცია სრულად იხილეთ აქ