- 14 მაისს, თამარობას, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), 77 წელი შეუსრულდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და საკრებულოს წევრთან, გიგა წურწუმიასთან ერთად, შუშანიების სავანეს ესტუმრა, მოძღვარს იუბილე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
42 წელია, ღვაწლის სიმრავლით გამორჩეული ,,მწყემსი კეთილი” დაუღალავად ემსახურება ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებას.
მამა მელქისედეკი, 1979 წელს, ქალაქ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იკურთხა მღვდლად, შემდგომში, მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერ.
სენაკში, ჯიხეთის დედათა მონასტრიდან, 1981 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ, თავისი კეთილი საქმეებით, სენაკელთა დიდი სიყვარული და მოწიწება დაიმსახურა. სამოქალაქო ომის დროს და ასევე, 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში, ხალხის გვერდით იდგა, ამხნევებდა და აძლიერებდა მათ.მნიშვნელოვანია არქიმანდრიტ მელქისედეკის ღვაწლი წმინდა ბერის, ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში.მისი ორგანიზებით დაიბეჭდა ღირსი მამის, ალექსი ბერის ხელნაწერების სახით შემონახული არაერთი მოძღვრება და პოეტური მემკვიდრეობა. აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტ მელქისედეკის ძალისხმევით აშენდა მცირე ბაზილიკური ტაძარი, სადაც განისვენებენ წმინდა ალექსი ბერი, მისი ბიძაშვილები, მონასტრის მოამაგენი – იღუმენია ფასტო, სქემონაზონი აკეფსიმა და მამაალექსის ბიოგრაფი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ონოფრე შუშანია.ასევე, ამ პერიოდში გაიხსნა წმინდა ალექსი ბერის სახელობის სახლ-მუზეუმი.განუზომელია არქიმანდრიტ მელქისედეკის ღვაწლი არა მხოლოდ სენაკის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულიერი ცხოვრების საქმეში.
მიმდინარე წლის 31 იანვარს, მენჯის მთავარანგელოზთა სავანეში მოღვაწე წმ. ალექსი ბერის (შუშანია) ხსენების დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ღვთისა და ერის წინაშე მსახურებაში ხანგრძლივი ღვაწლის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის, ალექსი ბერის სახელობის ბაზილიკური ტაძრის, წმინდა ალექსი სენაკელის სახელობის მუზეუმის აღმშენებლობისა და ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი უმნიშვნელოვანი წვლილისთვის, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.