- დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.
ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის სენაკის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, მაიორმა ჯაბა ლაშქარავამ, აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციით, კიდევ ერთხელ გააცოცხლეს საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული დღეები.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის სენაკის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, მაიორმა ჯაბა ლაშქარავამ, პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალის, თემურ ბოკუჩავას საფლავი.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.
2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, აგვისტოს ომში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს