- სენაკში, შობის მახარობლებმა, მოსახლეობას მაცხოვრის შობა გალობით ახარეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასულიერო პირების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ,,ალილოს” მრევლის მსვლელობა, საწინამძღვრო ჯვრების, შობის ხატისა და დროშების თანხლებით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და სენაკის ცენტრალური ქუჩების გავლით, სახვითი ხელოვნების გალერეასთან დასრულდა.
ტრადიციულ მსვლელობაში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
საშობაო ალილოზე შეგროვებული ნობათი მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ.
ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტრადიცია 2000 წლიდან აღდგა.
ქრისტეშობის სადღესასწაულო მსახურება ეკლესიებსა და მონასტრებში, შობის ღამეს, ყველა სარკმელთან დანთებული სანთელი – მაცხოვრის დაბადების სიმბოლო – უწმინდესის კურთხევაა და მისი მეოხებით აღდგენილი ტრადიცია.