- სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სხდომაზე, მუნიციალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საბჭოს წევრებს, შშმ პირთა და ოჯახის წევრთა მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების შემფასებელი კომისიის დებულება გააცნო.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, შშმ პირების შესაძლებლობების განვითარებისა და რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას. ამასთან, ეფექტური იქნება, თუ პროექტები განხორციელდება შშმ პირთა საბჭოს, არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით და შშმ პირთა ჩართულობით.
პროექტების წარმატებული განხორციელება დადებითად აისახება იმ გამოწვევებზე, რაც შშმ პირთა უფლებების უზრუნველყოფის მიმართულებით არსებობს.
სხდომაზე, საგრანტო კონკურსის ადმინისტრირების მიზნით, არჩეულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ოჯახის წევრთა მხარდაჭერის მიზნით წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების შემფასებელი კომისიის წევრები, კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე.
შშმ პირთა საბჭოს ბიუჯეტის ათვისებისა და კონკურსის გამოცხადების თაობაზე ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ,,ჰანგის“ თავმჯდომარემ, რუსლან საჯაიამ.
შშმ პირებისთვის სხვადასხვა სახის სამედიცინო სახარჯი მასალების დაფინანსების თაობაზე, კომისიის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იური ოდიშარიამ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო საქართველოში პირველი და ერთადერთია, რომელსაც გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი და შეუძლია მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამოცხადება.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და შესაბამისი სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.