- ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე.
უწყების ცნობით, განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის გამოყენებით. აბიტურიენტი შეძლებს გაასაჩივროს როგორც მთელი ნაშრომის, ასევე კონკრეტულად იმ დავალების შეფასება, რომელსაც არ ეთანხმება.
აპელაციის საფასურს გამოსაცდელი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე).
დეტალური ინფორმაცია სააპელაციო განაცხადის შევსებასთან, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.