- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის “ლურჯი ბაღი“ მოცვის პლანტაცია და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს.
2020 წელს, კომპანიამ „ლურჯი ბაღი“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 17 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის 249,664 ლარის თანადაფინანსება მიიღო, ხოლო შეღავათიანმა აგროკრედიტმა 500,000 ლარი შეადგინა.
კომპანიამ სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით ისარგებლა 2021 წელსაც – თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად, სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 484,000 ლარი, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 730,000 ლარი მიიღო.
სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში კომპანიაში მუდმივად 15 ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო სეზონურად, დღიური მუშახელის რაოდენობა 150-მდე აღწევს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივი ბაზრისათვის.
დავით ვერავამ და ნატალია ხარატიშვილმა ასევე დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორგაში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა.
კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ 16 ჰექტარზე მოცვის თანამედროვე ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 250,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებულმა აგროსესხმა 850 000 ლარი შეადგინა.
კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარია და 1,2 მლნ ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 10 ადგილობრივია დასაქმებული.
მიმდინარე წელს, კომპანიამ 30 ტონამდე ლურჯი მოცვის ექსპორტის გალფის ქვეყნებში, ჩინეთში, გერმანიასა და პოლონეთში განახორციელა.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.