- პროექტის – “მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები, მერების შეთანხმების ახალი ხელმომწერი მუნიციპალიტეტისთვის” ფარგლებში, სასტუმრო ,,ვერსალის“ საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან ერთად, მიიღეს: ადგილობრივი თვითმმართველობის, ასპინძის, დმანისის, მარტვილის, ონის, თბილისის, შუახევის, ცაგერის მუნიციპალიტეტების, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის ეკო-კლუბის წარმომადგენლებმა და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“ თავმჯდომარემ, თამარ მალანიამ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “მერების შეთანხმების” სამუშაო ჯგუფის მდივანმა, დალი ქაჩიბაიამ, წარმოადგინა სენაკის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმა.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე გაიმართა ,,მერების შეთანხმების” ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAP) და საპროექტო წინადადებების პრეზენტაცია.
შეხვედრა UNDP-ის მიერ დაფინასებული პროექტის – ,,მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები, მერების შეთანხმების ახალი ხელმომწერი მუნიციპალიტეტისთვის” ფარგლებში შედგა.
სენაკის მუნიციპალიტეტი, 2023 წლის თებერვლის თვეში შეუერთდა მერების შეთანხმების (#CoMEast) იმ ათასობით ადგილობრივი თვითმართველობების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება.