“მენჯი” მეგრული სიტყვაა და მჟავე წყალს ნიშნავს. სამკურნალო წყლებით ცნობილ ადგილებს სამეგრელოში უწინ ასე მოიხსნიებდნენ – მენჯი სქური, მენჯი ლუგელა, მენჯი ლებარდე… სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სამკურნალო მინერალური წყლით ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტსაც ალბათ ამიტომ ეწოდა მენჯი. თუმცა მას ხალხმა სასწაულმოქმედი თვისებების გამო მეორე სახელიც შეარქვა – “ყავარჯნების სამარე”. კურორტის სამკურნალო პოტენციალის ათვისება XX ს-ის 30-იანი წლებიდან დაიწყო. ცნობილმა ლატვიელმა მეცნიერმა რობერტს კუპცისმა, რომელმაც დიდი ამაგი დასდო საქართველოში მინერალური წყლების მეცნიერულ შესწავლას, წყლის სამკურნალო თვისებები გამოიკვლია და მენჯს საქართველოს მაცესტა უწოდა. 1938 წელს მენჯი რესპუბლიკის მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა და იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურული მშენებლობა დაიწყო. აშენდა კეთილმოწყობილი სანატორიუმი, სანატორიუმის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. საკურორტო სეზონი კი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.
კურორტ მენჯში რამდენიმე სამკურნალო ჭაბურღილი არსებობდა (თვალის წყალი, კუჭის წყალი, სილამაზის წყალი, სახსრების წყალი), დღეს კი 21-ე საუკუნეში მხოლოდ 24-ე ჭაბურღილი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აღმოაჩინეს და პატრონობენ. წყალს იყენებენ აბაზანებისთვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულსისძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს.
მენჯის მინერალური წყალი კუთვნის ფრიად ძვირფას გოგირდწყალბადოვან ქლორ – ნატრიუმიან მინერალურ წყალს, რომელიც შეიცავს გაზს. ამასთანავე გოგირდწყალბადს, რომლიც 1 ლიტრ წყალში სრულიად საკმარისია სამკურნალოდ. მინერალური წყლის აბაზანის მიღების დროს მოქმედებს ორგანიზმზე მთელი თავისი ფსიქო – ქიმიური შემადგენლობით. მენჯის შემთხვევაში მოქმედებს გოგირდწყალბადი. პირველი აბაზანა ინიშნება მოკლე ხანგრძლივობით 5-8 წუთი, შემდეგ ხანგრძლივობა იზრდება 22 წუთით და ა.შ აბაზანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე. საშუალოდ თითო კურსზე ითვლება 12 – 15 აბაზანა. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე წყლის ტემპერატურას, ის არუნდა აღემატებოდეს 37C.