მიხეილ ყაველაშვილი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

  • საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საიუბილეო ცერემონიაზე უმასპინძლეს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა.

პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს, სარდლობების იუბილე მიულოცეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელებმა პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვეს.

გარდა ამისა, ბრიგადის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს და მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მე-2 ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურა გააცნეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, 2016 წლის პირველ აპრილს სახმელეთო ძალების სარდლობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებად ჩამოყალიბდა.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს