საქალაქო სასამართოლომ სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

  • სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ცესკო-ს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, არჩევნები პირველ ოქტომბერს უნდა გაიმართოს და რის ბათილად ცნობასაც საია ითხოვდა.

ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლის, კახა ნარეკლიშვილის განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ შეუწყვეტა უფლებამოსილება, ლეგიტიმური საკრებულოა და შესაბამისად ცესკო-მაც კანონით დადგენილი წესით და საარჩევნო კოდექსის საფუძველზე დანიშნა შუალედური არჩევნები.

მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება.

„არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრს შეუწყდება უფლებამოსილება, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში შუალედურ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, იგივე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. სენაკის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრს ბატონ ვახტანგ წურწუმიას შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ასეთ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით ვალდებული იყო დაენიშნა შუალედური არჩევნები, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეასრულა და დანიშნა 12 აგვისტოს შუალედური არჩევნები. ახლა რაც შეეხება იმ არგუმენტს, რა არგუმენტზეც აპელირებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თითქოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება და ეს არ იყო ლეგიტიმური საკრებულო. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით თვითმმართველობის კოდექსით. კოდექსში ცალსახად არის მითითებული, რომ საკრებულოს შესახებ უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, დადგენილების ფორმით, ასეთი დადგენილება საქართველოს მთავრობას არ მიუღია. შესაბამისად, ასეთი დადგენილება ბუნებაში არ არსებობს. ამდენად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ შეუწყვეტია უფლებამოსილება, ლეგიტიმური საკრებულოა და შესაბამისად ცესკო-მაც კანონით დადგენილი წესით და საარჩევნო კოდექსის საფუძველზე დანიშნა შუალედური არჩევნები“, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

თავის მხრივ, საია-ს წარმომადგენელმა, ნიკა მაღედანმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება შემდგომ ინსტანციაში.

„სასამართლოს განმარტება აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ გაუკეთებია, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. მხოლოდ ის ვიცით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აქედან გამომდინარე, გვაქვს ორდღიანი გასაჩივრების ვადა და აუცილებლად გამოვიყენებთ მას. გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და სწორედ სააპელაციო სასამართლოს შემდგომ გვეცოდინება უკვე აღნიშნულ ფაქტზე საბოლოო შედეგი. 2022 წლის 12 აგვისტოს ცესკო-მ გამოსცა განკარგულება, რომლითაც სენაკში დანიშნა შუალედური არჩევნები ერთი კონკრეტული მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად და ჩასანაცვლებლად, თუმცა სახეზე გვაქვს ის მოცემულობა, როცა საკრებულო ექვს თვეზე მეტი ვადით არ შეკრებილა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით წარმოადგენს საკრებულოს უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტის საფუძველს. აქედან გამომდინარე, იმ ორგანოში შუალედური არჩევნების ჩატარება და ერთი, დამატებითი პირის დანიშვნა, რომელიც უკვე არაუფლებამოსილი კანონიერ მიზანს ვერ ემსახურება და წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ტყუილ ხარჯს. სწორედ ამიტომ იყო საია-ს მხრიდან სარჩელი შეტანილი სასამართლოში, სწორედ ამიტომ ვითხოვდით განკარგულების ბათილობას და სწორედ ამიტომ ვაპირებთ, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივროთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნიკა მაღედანმა.

წყარო