- სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საზოგადოებას საქმიანობის 2023 წლის ანგარიში გააცნო.
“უპირველესად, გილოცავთ ჩვენი სახელისუფლებო გუნდის უდიდეს მონაპოვარს – ღირსეულად მოპოვებულ, დამსახურებულ სტატუსს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც მუნიციპალიტეტის წარმატებულ მმართველობაში თავიანთი წვლილი შეაქვთ.
წელს, ანგარიშის პრეზენტაცია განსხვავებული ფორმატით შედგა, 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით მოსახლეობას.
ვთვლი, რომ მსგავსი კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების გასაცნობად, თქვენი საჭიროებების წარმოსაჩენად.
მნიშვნელოვან წინსვლას აბსოლუტურად ყველა სფეროში მივაღწიეთ. ამ სიტყვების უტყუარობას კი არა მხოლოდ ციფრები, არამედ ჩვენი საქმიანობის კონკრეტული შედეგებიც მოწმობენ.
სოციალური პროგრამებით და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, განათლების, კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სექტორების განვითარებით და ხელმისაწვდომობით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების წახალისებით, ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი, შედეგზე ორიენტირებული გუნდური მუშაობით – ყველა სფეროში გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები.
სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა 19 746 100 ლარით, რაც 2022 წელთან შედარებით, 3 849 900-ით მეტია.
მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 22 274 600 ლარს შეადგენს, რაც 2023 წელთან შედარებით, 2 528 500 ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დავაგეთ 35 კილომეტრი გზა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 17 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია.
2024 წელს დაგეგმილი გვაქვს 50 კილომეტრი გზის მშენებლობა.
რაც შეეხება სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული მასშტაბური პროგრამის – ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ სენაკს 2 მრავალფუნქციური, რეკრეაციული სივრცე შეემატა.
ამჟამად ვახორციელებთ ქალაქის ცენტრალური მოედნის – მოწყობა-რეაბილიტაციას.
ჩემი მერობის პერიოდში, 2021-2023 წლებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში, 146 პროექტი განვახორციელეთ, ღირებულებით – 2 270 709 ლარი.
აქედან, მიმდინარე წელს – 31 პროექტი, ღირებულებით – 759 200 ლარი.
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ძველი სენაკის საჯარო სკოლა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 საჯარო სკოლის – ჟიული შარტავას სახელობის N2 , ნოსირის, ხორშის და უშაფათის საჯარო საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ვახორციელებთ 4 საბავშვო ბაღის – ქალაქის N3, ლეძაძამეს, ფოცხოს და ძველი სენაკის საბავშვო ბაღების მშენებლობას.
ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, 2023 წელს ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2 ხიდს.
2024 წელს დაგეგმილი გვაქვს 2 ხიდის მშენებლობა.
2023 წელს, განვაახლეთ ავტოპარკი, შევიძინეთ JCB-ის მარკის მრავალფუნქციური ტრაქტორი. ასევე გადმოგვეცა 3 ნაგავმზიდი და პიკაპის მარკის 3 სატვირთო მანქანა, 350 კონტეინერი, ასევე, სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერი, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნა და უნიფორმები.
2023 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი გაზიფიცირდა, ბუნებრივი აირის ქსელზე 950 აბონენტი დაერთდა.
გაზგაყვანილობის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს 11 სოფელში, საპროექტო სამუშაოები – 11 სოფელში.
2024 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში დაიწყება გაზსადენის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები.
მიმდინარე წელს, სამელიორაციო და დაშრობითი სამუშაოები განხორციელდა 5 ადმინისტრაციულ ერთეულში; ნაპირსამაგრი სამუშაოები კი – მდინარე რიონზე – სამ ლოკაციაზე.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, 2023 წელს, გადაიხურა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების 14 კორპუსი, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების 7 კორპუსს, ადმინისტრაციული შენობების, საბავშვო ბაღების და ამბულატორიის სახურავებს, ქარიშხლის შედეგად დაზიანებული გარე განათების სისტემას;
სტიქიური მოვლენების (ქარიშხლის) შედეგად დაზარალებულ 460 ოჯახს, 208 000 ლარის ფარგლებში, საკომპენსაციო თანხები გამოეყო.
22 ივნისის სტიქიის (წყალდიდობის) შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 3 100 000 ლარის ფარგლებში, განვახორციელეთ სანიაღვრე სისტემის, რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის, ხიდების, ხიდ-ბოგირების გაბიონების მოწყობის მასშტაბური სამუშაოები.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სტიქიის (წყალდიდობის) შედეგად დაზიანებული 45 ინფრასტრუქტურული ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის პროცედურები, ღირებულებით – 2 220 000 ლარი.
რაც შეეხება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტებს, 2023 წელს მოვაწყვეთ 3 მინი სპორტული მოედანი.
მიმდინარეობს სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები – ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე.
2024 წელს დაგეგმილი გვაქვს 3 სპორტული მოედნის მოწყობა.
მინდა შევეხო სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას, რომლის ბიუჯეტი წელს, 150 000 ლარამდე გავზარდეთ და სამ პროექტს ვახორციელებთ.
2023 წელს, შევუერთდით #მერებისშეთანხმების (#CoMEast) იმ ათასობით ადგილობრივი თვითმართველობების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება.
2023 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის 17 პროგრამით, 1 737 764 ლარის ფარგლებში, დახმარება გავუწიეთ 32 970 მოქალაქეს.
2023 წელს, პირველად დავნერგეთ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა. ამ ეტაპისთვის, პროგრამით 19 მოზარდი სარგებლობს.
დავაფინანსეთ პროექტი – „საჭიროების მქონე ბავშებისათვის ADOS -ის კვლევა დანერგვა მუნიციპალიტეტში“.
გამოვაცხადეთ საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში, 3 პროექტი – 2 ბიზნეს-იდეა და შშმ პირთა სფეროში მოქმედი ორგანიზაცია დავაფინანსეთ.
2023 წელს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ჩვენი საგრანტო პროგრამა საუკეთესო მუნიციპალური პრაქტიკის პროგრამად დასახელდა.
2024 წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 2 199 500 ლარი იქნება.
პროექტის – „საჭიროების მქონე ბავშებისთვის ADOS -ის კვლევის დანერგვა მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, არა მარტო სენაკის მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი სამეგრელოს მასშტაბით, რისკის მქონე მოზარდებისთვის, ხელმისაწვდომი გახდება ,,ოქროს სტანდარტად“ აღიარებული ADOS -ის კვლევის ადგილზე ჩატარება, დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობის/რეაბილიტაციის დაწყება;
გაიხსნება დიალეზის ცენტრი;
გავზრდით სოციალური პროგრამების დაფინანსებას.
მიმდინარე წელს, არაერთი საინტერესო კულტურული, გასართობი, შემეცნებითი თუ საგანმანათლებლო პროექტი და აქტივობა განვახორციელეთ.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, დავნერგეთ სტუდენტების ხელშეწყობის დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა და დავაფინანსეთ სოციალურად დაუცველი, დედ-მამით ობოლი და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე12 სტუდენტი.
შევქმენით ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო;
2023-2026 წლების ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია;
კომუნიკაციის სტრაგეგიის დოკუმენტი;
მუნიციპალიტეტის სამოქმედო მართვის გეგმა;
ამ ეტაპზე ვმუშაობთ სენაკის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შექმნაზე.
წინ კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე და პროექტი გველის. ერთად განვაახლოთ სენაკის მუნიციპალიტეტი! ჩვენი სლოგანიც ეს არის – ჩვენ, უკეთესი სენაკისთვის! – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.
მერის ანგარიშის პრეზენტაციას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ნაჭყებია, საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, მუნიციპალური აიპ-ებისა და შპს-ების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სენაკის საპატიო მოქალაქეები, მერის სათათბირო ორგანოების – მრჩეველთა და ახალგაზრდული საბჭოების, ბიზნესსექტორის, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს