- სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის (TDIG), საერთაშორისო ორგანიზაცია – World Vision საქართველოს წარმომადგენლობის, ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან – ახალგაზრდული მიმართულებით.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრეზენტატორებმა საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტის (TDIG) დირექტორმა, დიმა ქარჩავამ, საერთაშორისო ორგანიზაცია – World Vision-ის საქართველოს წარმომადგენელმა, ირაკლი გიორბელიძემ და ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციის თავმჯდომარემ, მარიამ თოდუამ ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ცოდნისა და უნარების ათვისებისთვის აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ახალგაზრდული მიმართულებით, გააკეთეს პრეზენტაციები მათი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტების შესახებ; დაისახა კონკრეტული სამოქმედო სტრატეგია – ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, სამსახურის სპეციალისტები – ნანა საჯაია და გვანცა მალანია, სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები – ახალგაზრდული მიმართულებით.