- მუზეუმების საერთაშორისო დღე, რომელიც, ტრადიციულად, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტორულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ციხე-გოჯის ისტორიულ ტერიტორიაზე იმართება, მრავალფეროვანი ღონისძიებებით დასრულდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულ ახალგაზრდულ თეატრ “ფიროსმანის’’ მსახიობების მონაწილეობით, წარმოდგენილ იქნა ილია ჭავჭავაძის პოემის მიხედვით დადგმული სპექტაკლ-კომპოზიცია ,,განდეგილი’’. რეჟისორი – ვეფხვია გორგოძე.
მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოეწყო „ფოტოზონები“, პოეზიის საღამო -საგანგებოდ დანთებულ კოცონთან, გაიმართა კონცერტი – მომღერალ ბოკა კვეკვესკირისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“ მონაწილეობით.
ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
საღამო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის და ნოქალაქევის არქიტექტორულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.