- საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ოთხი პირი გაამართლა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულებმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულის მიმართ განახორციელეს პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების მუქარა, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგად დაზარალებული აიძულეს სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით წასვლის განცხადება დაეწერა.
ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა თავის მოკვლა სცადა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.
პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 169-ე მუხლით (შრომის კანონმდებლობის დარღვევა) წარუდგინა.
ბრალდებულები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.”-აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი. სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.