- ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების უკეთ დანახვა და ამ საჭიროებებზე დაფუძნებული ადგილობრივი პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავება განიხილეს ქალაქ ფოთში გამართულ სამეგრელო-ზემო სვანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის IV სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნატალია ხუბუამ, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა, მზია ბიგვავამ, განყოფილების სპეციალისტმა, სოციალურმა მუშაკმა, ია კიკაბიძემ.
შეხვედრა ერთიანი მუნიციპალური თანამშრომლობის პლატფორმის ფორმატში წარიმართა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
პლატფორმის მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარება და მათი შესაძლებლობების გათანაბრება ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრა პროექტის – „ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამირების განვითარებაში“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მოეწყო.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს