- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს საგრანტო პროგრამა: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა” – ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.
საგრანტო პროგრამა 2023 წლის საუკეთესო მუნიციპალური პრაქტიკის პროგრამად დასახელდა.
სპეციალური პრიზი და შესაბამისი სიგელი სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ გადელიას გადაეცა.
საქართველოს მასშტაბით, სენაკის მუნიციპალიტეტი, კონკურსში გამარჯვებულ 12 მუნიციპალიტეტს შორისაა.
მეექვსე ეროვნული კონფერენცია, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG), დანიის მთავრობის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მხარდაჭერით მოეწყო.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, დანიის ელჩმა საქართველოში, ენ ტოფტ სორენსენმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ, USAID-ის DRG ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, კორინ როთბლუმმა, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ლიდია კრისტმანმა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, 2022-2023 წლების კონკურსისთვის შერჩეულ 14 თემაზე, რეკორდული რაოდენობის, 67 განაცხადი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად 12 პროექტი დასახელდა.
გამარჯვებული თვითმმართველი ერთეულები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოავლინა.
ფართომასშტაბიან ეროვნულ კონფერენციას, რომელიც სასტუმროში ,, ჰოლიდეი ინნ თბილისი“ გაიმართა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს