- სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის, 53 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ინფორმაციას საენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტან გადელია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტს – სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ღირებულება 89 968 ლარს შეადგენს.
ნაპირსამაგრი გაბიონების, სკვერების, მოსაცდელების, გარეგანათების, გზების მოხრეშვა-მოშანკადების, მინი საფეხბურთო მოედნების, ხიდებისა და საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებისთვის სენაკის მუნიციპალიტეტში 773 508 ლარი დაიხარჯება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა.