- 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სენაკში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
ინფორმაციისთვის: 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.