- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მხარდაჭერითა და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტში სტარტი აიღო “სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის” სენაკის მუნიციპალურმა თამაშებმა, სადაც გეზრბენში (ამანათრბენში) გოგონათა შორის გამარჯვებული ნოსირის საჯარო სკოლა გახდა, ხოლო ვაჟთა შორის – პირველი საჯარო სკოლის გუნდი.
3X3 კალათბურთში, გოგონათა შორის გამარჯვება პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა, ვაჟთა შორის – მეორე საჯარო სკოლამ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა შორის გამარჯვებული ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდია. ხელბურთში, როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა შორის, საუკეთესო მონაწილეების ტიტულები მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს.
ფრენბურთსა და ბადმინტონში, გოგონათა და ვაჟთა შორის, პირველი ადგილები წილად ხვდათ ნოსირის საჯარო სკოლის გუნდებს.
მინი ფეხბურთში გოგონათა შორის გამარჯვებული მეორე საჯარო სკოლის, ხოლო ვაჟთა შორის – პირველი სკოლის გუნდები გახდნენ.
სასკოლო ოლიმპიადის ერთ-ერთი სახეობის „მხიარული სტარტები“ – გამარჯვებული პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
“სასკოლო ოლიმპიადა 2023-ის” რეგიონული თამაშები, 2023 წლის მარტიდან, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად გაიმართება.
სენაკის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გუნდების ტრანსპორტირებას და შესაბამისი ეკიპირებით უზრუნველყოფას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.
სპორტის სასახლეში გამართულ სასკოლო ოლიმპიადას მინი ფეხბურთში სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და ამავე სამსახურის სპეციალისტთან – სპორტის მიმართულებით, გიორგი მზარელუასთან ერთად დაესწრო.
მათ მონაწილეებს და გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადასცეს და ასპარეზობებზე შემდგომი გამარჯვება უსურვეს.