- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, გაეროს (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება” ფარგლებში, ტრენინგი მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენინგს ესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, რომლებიც ნარჩენების მართვის გეგმებზე მუშაობენ, ასევე საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია შემუშავდეს ნარჩენების მართვის სისტემა, რაც მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას პრობლემების დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზევე მოახდინონ და შესაბამისად, გამოწვევები დროულად აღმოფხვრან.
ამ მიმართულებით შეიქმნა სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის ვებ. აპლიკაცია, რომლის მიზანია მყარი ნარჩენების და ქუჩების დაგვა-დასუფთავების სერვისების მართვა.
პროექტი – ,,ქუჩების დასუფთავების და ნარჩენების მართვის სერვისებისთვის საქმიანობის მართვის სისტემის შემუშავება” მიმდინარეობს გაეროს დაფინანსებით, მოიცავს 39 მუნიციპალიტეტს და მას ადგილობრივი კომპანია – პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი – PMCG ახორციელებს.